ფერადი და მხიარული დღესასწაულისთვის დეკორაციების შერჩევა არც თუ ისე მარტივი საქმეა. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც საცხოვრებელი სახლის საახაწლო გაფორმებაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი. ხანდახან ისეც ხდება, რომ უამრავი განათების, ორნამენტების, ნაძვის ხის თუ პატარა საახალწლო ფიგურების არჩევის დროს სრულიად ვიკარგებით ფერების კორიანტელში და უნებლიედ ვამატებთ იმ გეგმას, რაც საყიდლებზე წასვლამდე დავისახეთ.
ჩვენ გთავაზობთ იმ მცირე ჩამონათვალს, რისი ცოდნაც დაგიზოგავთ დროს და ენერგიას საყიდლებზე წასვლისას:






საახალწლო ფერთა უპირობო ლიდერი - თეთრი!

ეს უფრო შეხსენებაა ვიდრე რჩევა, თეთრი ფერის დაძველება და მოდიდან გადასვლა შეუძლებელია, თუმცაღა ახალ წელს ეს ფერი უბრალოდ ტრენდულად არ მოიაზრება, მეტიც, ის აუცილებელი ელემენტია სისადავის და თავისებური სიმდიდრის დასამატებლად საახალწლო დიზაინში. თეთრი ფერის დეკორაციებს შეგიძლიათ შეუთავსოთ ისეთი ელემენტები, როგორიცაა კრემისფერი ორნამენტები, შუშის ფიგურები, სანთლები და სხვა.შეგიძლიათ შეუხამოთ მუქი ლურჯი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი.


რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

მინიმალიზმი ერთ-ერთი ტრენდია, რომელიც უამრავი ადამიანის საყვარელი სტილი გახდა. საახალწლოდ მინიმალიზმი ღია ფერის ტონალობებით, ხის დეკორაციებითა და მცირე ზომის საახალწლო ფიგურებით გამოიხატება. ამ სტილის დიზაინის უპირატესობა სიმარტივე და ბუნებრივობაზე ორიენტირებული დეკორაციებია.

ტრადიციულ და ფერად დეკორაციებზე კი არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს! გამოყავით 3 ძირითადი ფერი, რომელიც დეკორაციის ძირითადი ორიენტირი გახდება. ამის მიხედვით აარჩიეთ ისეთი ელემენტები, რომელიც დაგეხმარებათ დიზაინი სისრულეში მოიყვანოთ. მაგალითად, შეარჩიეთ ბაფთები (2 სხვადასხვა ფერში) და განათავსეთ სხვადასხვა ოთახში დეკორატიულ ელემენტებად.






როგორ ნაძვის ხეს ირჩევ შენ?

შეარჩიეთ ბუნებრივი ან ხელოვნური ნაძვის ხე და შეუსაბამეთ იმ ფერებს, რა ფერებსაც შეარჩევთ ძირითადი დეკორაციისთვის. სწორად შეარჩიეთ განათებები და გაითვალისწინეთ, რომ ნაძვისხის ზომა და ორნამენტების ზომები ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. აუცილებლად განათავსეთ საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ და საკუთარი სურვილისამებ სენტიმენტალური დეტალები შემატეთ მას (ბავშვობის საყვარელი ორნამენტი, ხელნაკეთი ორნამენტი და სხვ.)






განათება მნიშვნელოვანია!

თუ საახალწლოდ ახალი განათებების შეძენას გეგმავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ მათი ფორმა და ზომა ფერზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. წარმატებული განათების მოწყობის საიდუმლო იდეალური განლაგებაა.
განათავსეთ განათებები შემოსასვლელში, ბუხრის გარშემო, სათავსოზე განთავსებულ გირლანდებში, დეკორატიულ სანთლებს შორის და არ დაგავიწყდეთ, რომ ფერები ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს.

ავტორი- ლედი კოჩალიძე