სივრცე

თანამედროვე ინტერიერის დიზაინში ავეჯის განლაგება და მათ შორის საჭირო დისტანციის დაჭერა ქმნის ერთგვარ ბალანსს. ბალანსი აუცილებელია დავიცვათ ე.წ. პოზიტიურ და ნეგატიურ სივრცეებს შორის.

რას ნიშნავს პოზიტიური და ნეგატიური სივრცეები?

პოზიტიურ სივრცედ მოიაზრება ის არეები, სადაც განთავსებულია ავეჯი (სავარძლები, საწოლი ა.შ), ხოლო ყველა ცარიელი სივრცე ოთახში მოიაზრება ნეგატიურ სივრცედ. მათ შორის ბალანსი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოთახი არც ზედმეტად ცარიელია და არც ზედმეტად დატვირთული.






ხაზი

თანამედროვე ინტერიერის ერთ-ერთი უცვლელი შტრიხია ხაზი. იგი განსაზღვრავს ინტერიერის სივრცეების აღქმას. განვიხილოთ ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები. ჰირიზონტალურ ხაზებს შეუძლიათ სტაბილურიბის შეგრძნების შექმნა ინტერიერის დიზაინში, აგრეთვე ოთახს სძენენ მოცულობას. ვერტიკალური ხაზები კი ოთახს უფრო მაღალს აჩენენ, მათ ხშირად იყენებენ ფანჯრებთან.






ფორმა

ფორმებს ინტერიერის დიზაინში განსაზღვრავს როგორც ოთახის ფორმა, ასევე განლაგებული ავეჯი. თანამედროვე ოთახში ყველა გეომეტრიული ფიგურა აქტუალურია, მთავარია ერთმანეთთან მიმართებით ბალანსის დაცვა. ნატურალურ ფორმებს (ოთხკუთხედი, წრე, სამკუთხედი) შეუძლიათ ოთახს მშვიდი ატმოსფერო შესძინონ, ხოლო უფრო ძლიერ/კომპლექსურ გეომეტრიულ ფიგურებს კონტრასტისთვის და ძლიერი შთაბეჭდილებისთვის იყენებენ.






განათება

მარტივია არა? რა თქმა უნდა, განათება უმნიშვნელოვანესი ელემენტია ინტერიერის დიზაინში. აქ იგულისხმება როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური განათება. განათებით მარტივია ჩვენთვის სასურველი ატმოსფეროს შექმნა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარეგანი/ბუნებრივი განათება ჩვენ მიერ რეგულირებადი არ არის, ამისათვის საჭიროა სწორად შევარჩიოთ ხელოვნური განათებები და განთავსების ადგილები. მათი გამოყენება აქტუალურია იმ დეტალებთან მიმართებაშიც, რომლის გამოკვეთაც გვსურს ოთახში.






ფერები

უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც ძალიან კომპლექსურია და დიდ ყურადღებას მოითხოვს. ფერები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ოთახს გარკვეულ ხასიათს სძენს, არამედ საშუალებაა, რომ შევქმნათ უფრო მოცულობითი, ნათელი, კონტრასტული, პასტელური და მყუდრო სივრცე. მარტივი მაგალითი ფერების სწორი განთავსებისა ასეთია - მშვიდი, ჰარმონიური ფერები იმ სივრცეში, სადაც ვისვენებთ (საძინებელი/მისაღები); ენერგიული, კონტრასტული ფერები და ექსპერიმენტები იქ, სადაც კრეატივი გვჭირდება, მაგალითად, საოფისე სივრცეში.






ტექსტურა

ტექსტურა მნიშვნელოვანია როგორც შეგრძნებების თვალსაზრისით, ისე ვიზუალით. სხვადასხვა ტექსტურების არჩევით და მათი სწორი ბალანსით შეგვიძლია ოთახს უფრო საინტერესო და თანამედროვე დიზაინი შევუქმნათ.






მოხატულობა

მოხატულობაც ის ელემენტია, რაც ოთახს უფრო საინტერესოს ხდის. მას ვხვდებით ისეთ დეტალებში, როგორიცაა ხალიჩები, ოთახში განთავსებული ნახატები, დეკორაციული ქაღალდი (ე.წ შპალერი) და სხვ. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მოხატულობამ ოთახი სრულად არ უნდა დაიკავოს! მარტივია მისი გაუცნობიერებლად ზედმეტი გამოყენება, რაც საფრთხეს ქმნის, რომ მალე გახდეს მოსაბეზრებელი.






თანამედროვე დიზაინი გულისხმობს შემდეგი წესების გათვალისწინებას:

1.სწორად შევარჩიოთ თემატიკა (მცენარეული, გეომეტრიული თუ სხვა);
2.შევინარჩუნოთ მარტივი ფერთა პალიტრა (მაქსიმუმ 3 ფერი);
3.გამოვიყენოთ ვერტიკალური ხაზები (რომელიც შესაძლოა მხოლოდ წააგავდეს ვერტიკალურ ხაზსს);
4.დავიცვათ ბალანსი პოზიტიურ და ნეგატიურ სივრცეებს შორის;
5.სწორად შევარჩიოთ განათება.

ავტორი- ლედი კოჩალიძე