მინიმალიზმი

პანდემიის დროს ადამიანები მიხვდნენ, რომ მათ სახლში ბევრი არასაჭირო ნივთია და სივრცის მაქსიმალური ათვისება დაიწყეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტრენდი უკანასკნელი მოვლენების დამსახურებით ლიდერობს ჩვენს სიაში. დღეისათვის მინიმალიზმი ასევე პირდაპირ კავშირშია ნეიტრალურ ფერებთან და მინიმალური რაოდენობის ავეჯთან.






მრავალფუნქციური სივრცე - ჭკვიანური გადაწყვეტილება

მრავალფუნქციური სივრცე არაჩვეულებრივი გზაა მცირე ზომის სივრცის ჭკვიანურად ათვისებისთვის! ჩვენ შეგვიძლია, ერთად მოვუყაროთ თავი სამზარეულოს, საძინებელს და მისაღებს, თანაც ძალიან გემოვნებიანად. დღეისათვის მსგავსი დიზაინი ძალიან პოპულარულია და ის აქტუალურობას არც 2022 წელს დაკარგავს!






მწვანე - ყოველთვის სწორი არჩევანია!

ფერი, რომელსაც 2022 წელს ვიხილავთ ყველგან, არის მწვანე! ეს ფერი 2021 წლიდან ხშირად გვხვდება მოდის ინდუსტრიაში. ის აქტუალურობას არც 2022 წელს დაკარგავს. მწვანე ფერი ამცირებს სტრესს და ასოცირდება ბუნებასთან, მისი სხვადასხვა ტონი შესაძლოა მოვარგოთ ინტერიერს ისე, რომ არ გამოიკვეთოს მისი დომინანტობა.






ჰარმონიული ცხოვრება მცენარეების გარემოცვაში

ალბათ გასაკვირი არ იქნება, რომ ეს ტრენდიც პანდემიის პირობებში გაჩნდა! რა თქმა უნდა, მცენარეების მოვლა გარკვეულწილად სიხარულის გრძნობას ბადებს ადამიანში. რა ჯობია იმ ფაქტს, რომ ბედნიერების ელექსირი ახალა უკვე 2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდია! შეეცადეთ, საკუთარი ოთახი,მისაღები, აივანი შეავსოთ სხვადასხვა სახის მცენარეებით, ეს გარკვეულწილად სიმწვანეს და სიხალისესაც შემატებს ინტერიერს და თქვენს დღის რეჟიმზეც დადებითად იმოქმედებს.






ტრენდული გამყოფები

გაშლილი სივრცე რამდენიმე წელია აქტუალურობას არ კარგავს, თუმცა, ხანდახან ადამიანებს სურთ პირადი სივრცის გამოყოფა. ამისათვის არაჩვეულებრივი გზაა სხვადასხვა მასალის (როგორც შუშის, ასევე ხის) ე.წ. ტიხრების გამოყენება. დღეისათვის ხშირად ვხვდებით იაპონური სტილის გამყოფებსაც, რომელიც ინტერიერს ტრადიციულ, ამავდროულად ტრენდულ იერსახეს სძენს.






70-იანი წლები ბრუნდება!

70-იანი წლების ინტერიერს თან ახლავს განსაკუთრებული სიხალისე და სიფერადე. მაქსიმალიზმი, თვალისმომჭრელი დიზაინი, ფსიქოდელიური პრინტი, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც პირდაპირ ასოციაციას ქმნის ჰიპების ეპოქასთან. ექსტრავერტებმა პანდემიის მიერ გამოწვეულ სოციალურ დისტანცირებას ინტერიერის სიხალისით უპასუხეს და 70-იანი წლების ტრენდი ბრუნდება.

ავტორი- ლედი კოჩალიძე